მეორე სამსახურის შეთავსების შეზღუდვა საზმაუსა და „აჭარის ტელევიზიას" არ შეეხება

© Sputnik / Alexander Imedashvili„პირველი არხის" გადამღები ჯგუფი
„პირველი არხის გადამღები ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
1-ლი ნოემბრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და დამატებითი საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება ეზღუდებათ.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებელი „პირველი არხის", აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავსების შესაძლებლობა ექნებათ - შესაბამისს საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და დამატებითი საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება ეზღუდებათ.
ცვლილებების მიხედვით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებზე არ გავრცელდება.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიზანი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიაზე გავრცელება ისედაც არ იყო, მაგრამ იმისთვის, რომ კანონის განსხვავებულად წაკითხვის სივრცე არ დარჩეს, პირდაპირ იწერება, რომ მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიაზე არ გავრცელდება. ეს კლასიკური სსიპი არ არის, სადაც საჯარო მმართველობა ხორციელდება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეებს გამონაკლისის წესით შეეძლებათ პარალელურად დაკავდნენ სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სპორტულ საქმიანობაში და საქართველოს თავდაცვის ძალებში სარეზერვო სამუშაოებში, მათი ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.
აღნიშნული კანონი ასევე ვრცელდება განათლების სექტორზე, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში ან უნივერსიტეტებში დასაქმებულ თანამშრომლებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაოდ მოსაწყობად ნებართვა დასჭირდებათ.
თუ საჯარო მოხელე დაარღვევს ამ მოთხოვნებს, იგი გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან. მას არ ექნება საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება გათავისუფლების დღიდან ორი წლის განმავლობაში. მას ასევე მოეთხოვება შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტებში კომპენსაციის გადახდა თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.
აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება როგორც საჯარო უწყებების საჯარო მოსამსახურეებზე, ასევე სსიპ-ებში დასაქმებულ პირებზე.
ყველა ახალი ამბავი
0