სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსამხედრო სწავლება
სამხედრო სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2025
გამოწერა
სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლიდერობის საფუძვლები, საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, საპატრულო ოპერაციები, დღისა და ღამის ნავიგაცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მსმენელები კურსის განმავლობაში ეუფლებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჩატარებული კურსის პროგრამა, სერჟანტთა აკადემიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სერჟანტთა გუნდის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია.
ამერიკელი და კანადელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული NATO DEEP-ის ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით განახლდა კურსის შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური ნაწილი. მათი დახმარებით, შემუშავდა და ნატოს საინფორმაციო პორტალზე (ETOC) აიტვირთა ნატოს სტანდარტებთან თავსებადი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის კურსის ჩატარების საშუალებას იძლევა.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0