საბოტაჟის საქმე: მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მილიონიანი გირაო შეეფარდათ

გამოწერა
პროკურატურამ ბრალი წაუყენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ შვიდ ოპოზიციონერ ლიდერს
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს, აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, პარტია „ახალის“ ლიდერებს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაც მათ 2022 წელს უკრაინული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩაიდინეს.
კონკრეტულად პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი საბოტაჟში ედებათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული გირაო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას უზრუნველყოფს.
ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისიდან 5 სექტემბრამდე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ისინი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დააკავეს. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-8 თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აეკრძალათ ორი წლით თანამდებობის დაკავება. 5 სექტემბერს კი ისინი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს.
მანამდე კი, 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ დანაშაულის ვადის ხანდაზმულობის გამო სასჯელი არ შეხებიათ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს. კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა. მანამდე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მათზე დაკისრებული თანხაც (650 000 დოლარი) გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ აშენდა.
ბრალდების დეტალები
პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილს წარედგინა ბრალდება მუხლით „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას წარედგინა ბრალდება საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
პარტია „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას და ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი საბოტაჟში ედებათ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით:
უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის შესახებ;
აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ,
ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად;
გარდა ამისა, სანქციების დასაწესებლად უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, შედეგად სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.
2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.
აფინანსებდნენ მომიტინგეთა უკანონო ქმედებებს აქციებზე, რომლებიც 2024 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ აგორდა.