თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა - დეტალები

© Courtesy of Tamar Taliashviliთამარ ტალიაშვილი
თამარ ტალიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2025
გამოწერა
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განიხილა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა კონგრესმენ კით სელფთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველოს საელჩო აშშ-ში.
აშშ-ის კონგრესმენი კით სელფი ტეხასის შტატს წარმოადგენს და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. კონგრესმენი კიტ სელფი დამსახურებული სამხედრო ვეტერანი და ასევე აშშ-ის კონგრესის ვეტერანთა საკითხების კომიტეტის წევრია.
„შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ასევე ისაუბრეს რეგიონალური და გლობალური მასშტაბით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოს ელჩმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ კონგრესმენმა დიდი პატივისცემითა და სითბოთი მოიგონა გამორჩეული ქართველი, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილი.
ჯონ მალხაზ შალიკაშვილი (1936- 2011) იყო ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი. ის 1993–1997 წლებში ხელმძღვანელობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტს.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
გასულ თვეში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა "საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით". მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0