იმნაძე: მუნის შემთხვევების მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია

© Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2025
გამოწერა
ამ დროისთვის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენ სკოლაში დაფიქსირდა მუნის შემთხვევა.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მუნი ყოველწლიურად არის, შემთხვევების მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
ასე გამოეხმაურა იმნაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში მუნის შემთხვევების მატების შესახებ - მოქალაქეების განცხადებით, თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა, მოსწავლეების მშობლების ნაწილი სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვს.
იმნაძის თქმით, წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება, დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.
„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით“, - განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, პროფილაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ადამიანი მოერიდოს მუნით ინფიცირებულთან კონტაქტს, ასევე სხვისი პირსახოცის, ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას.
„მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და იმ პირებს, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, - აღნიშნა მან.
მუნი ანუ სკაბიესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობებით, სკაბიესით ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონამდე ადამიანი ავადდება.
ოფიციალური სტატისტიკა მუნის შემთხვევების შესახებ საქართველოში არ არსებობს. როგორც ექიმი-დერმატოლოგები აცხადებენ, ის შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ფიქსირდება ხოლმე.
მუნის გამომწვევი ტკიპა (Sarcoptes scabiei) თვალით უხილავია და ის მოძრაობს კანქვეშ. მუნის პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 2-6 კვირის შემდეგ, რადგან იმუნურ სისტემას სჭირდება დრო ტკიპაზე რეაგირებისთვის. ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია, ქავილი, რომელიც ძლიერდება სითბოში და ძილის დროს, კანზე წითელი წერტილები, ბუშტუკების ან პატარა კვანძების ფორმით;
ტკიპები ვრცელდებიან ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კანის-კანზე კონტაქტით და შედარებით იშვიათად — ტანსაცმლის ან თეთრეულის გაზიარებით.
ყველა ახალი ამბავი
0