უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ოქტომბრის მონაცემები

© Pixabay / 947051ხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2025
გამოწერა
ჯამში ამოღებულია 185 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოვლენილი ფაქტებიდან 111 ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 44 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამართალდარღვევის ყველაზე მეტი - 34 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, იმერეთში გამოვლენილია 29 სამართალდარღვევა, აჭარაში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, გურიაში – 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 10, შიდა ქართლშიც – 10, მცხეთა-მთიანეთში – 9, ქვემო ქართლში – 6.
ჯამში ამოღებულია 185 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დალუქულია ორი ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ათ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1,3 ათასი ფაქტის გამოავლინეს. დალუქულია 54 უკანონო სახერხი საამქრო.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0