„რთველი 2025": ყურძნის მოსავალი 22 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა

© National Wine Agency of Georgiaყურძნის მოსავალი
ყურძნის მოსავალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2025
გამოწერა
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებში იყო, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. წელს საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 336 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა - შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში კი ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.
„საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი, 327 ათასამდე ტონა, კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
„წელს რაჭაში გადამუშავებულია ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია“, - აღნიშნავენ უწყებაში.
რაჭის რეგიონში კი, კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ასევე, 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებში იყო, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0