როგორ მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2025
გამოწერა
სოხაძის თქმით, 2026 წლის პირველ ნახევარში ამ მონაკვეთის მშენებლობა მთლიანად დასრულდება.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიმავალ ქვეშეთი-კობის ავტომაგისტრალზე გზის და გვირაბის მშენებლობის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ამჟამად საევაკუაციო გვირაბზე მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის გაყვანა, გვირაბის საბურღე მექანიზმების საშუალებით დასრულებულია. მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის შიდა სამუშაოები“, - განაცხადა სოხაძემ.
2024 წელს აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი გვირაბი, ცხრა კილომეტრის სიგრძისა და 15 მეტრი დიამეტრის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში.
გვირაბი სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა.
სოხაძის თქმით, 2026 წლის პირველ ნახევარში ამ მონაკვეთის მშენებლობა მთლიანად დასრულდება.

„თუმცა აქ გვაქვს ერთი რთული მონაკვეთი, უნიკალური ხიდი, შენდება 426 მეტრის სიგრძის 166 მ-ის სიმაღლის თაღოვანი ხიდი, რომელიც მე მგონია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი რთული საინჟინრო კონსტრუქცია არ არსებობს“, - განმარტა სოხაძემ.

ამ ხიდთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული ვადებთან დაკავშირებული პრობლემა, იმიტომ რომ იცით, რომ ძალიან მკაცრი ზამთარი არის,“ - აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძემ განმარტა, რომ ზამთრის მოახლოების გამო პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს. მისი თქმით, სააგენტო კონტრაქტორთან განიხილავს ზამთარში ხიდის მშენებლობის დროს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას, რათა სამუშაოები ამინდის პირობების გამო არ შეფერხდეს.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გუდაურამდე ახალი, 5 კილომეტრიანი მისასვლელი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტზე წვდომას.
სოხაძემ განაცხადა, რომ გუდაურამდე მონაკვეთის გახსნაც 2026 წლის პირველ ნახევარში იგეგმება და საქართველოს მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ამ გზით სარგებლობა შეეძლებათ.
ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0