მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს გენერალური კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Stringer მაკა ბოჭორიშვილი
 მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2025
გამოწერა
კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ქართული პავილიონი, რომელიც მიეძღვნება ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და UNESCO-ს ხელმძღვანელ პირებთან.
სამინისტროს ცნობით, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა ქართული პავილიონი. ექსპოზიცია მიეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.
გარდა ამისა, სამარყანდის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის „ბასიანი“ კონცერტი.
სამარყანდში დაგეგმილ ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართავს.
UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესია სამარყანდში 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. კონფერენციას 194 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი მონაწილე დაესწრება.
მთავარი კონფერენციის წინ, სამარყანდი ასევე უმასპინძლებს იუნესკოს მე-14 ახალგაზრდულ ფორუმს და იუნესკოს ეროვნული კომისიების მე-12 რეგიონთაშორის შეხვედრას.
ყველა ახალი ამბავი
0