საქართველოში ორ თვეში უკანონო ნადირობის 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2025
გამოწერა
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 23 აგვისტოს გაიხსნა და 2026 წლის 1-ელ მარტს დასრულდება.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 629 ფაქტიდან 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 235 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 82 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 77 - იმერეთში, 56 - ქვემო ქართლში, 48 – მცხეთა-მთიანეთში, 45 - შიდა ქართლში, 37 - აჭარაში, 22 - სამცხე-ჯავახეთში, 13 - კახეთში, 5 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 382 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 32 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 22 შემთხვევაში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 7 კი ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 558 ერთეული ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა (ე.წ. მანოკი).
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში ასევე გამოვლენილია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების, მაგალითად დათვისა და არჩვის უკანონო მოპოვების ფაქტებიც. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი და 9 მწყერი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს „ცხელ ხაზზე" - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.
ამასთან, ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში, ასევე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
ნადირობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა, დარღვევიდან გამომდინარე, 100 ლარიდან 2 ათას ლარამდე შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0