ოპოზიციამ ელექტორატი გააბრიყვა: პაპუაშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2025
გამოწერა
მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების ერთ წლისთავთან დაკავშირებით.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - ცესკოს მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,93% მიიღო. პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „საქართველოსთვის“ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ცესკოს მონაცემების აღიარებაზე და კენჭისყრა ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს. ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.
„2,1 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და მათი 54%-ის არჩევანი იყო ცალსახა და ხმამაღალი - ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, უარს ვეუბნებით ომს. ეს არჩევანი მშვიდობასთან ერთად იყო ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, ოჯახის, კულტურის, რწმენისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ მიცემული ხმა", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მის „ნამდვილ ამომრჩევლებთან“ ერთად დაუპირისპირდა არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, „ნაცმოძრაობის" იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც „საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ“.
„ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს", - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა.
„ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, განვლილ ერთ წელიწადში სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკვრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.
„ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას", - დაწერა პაპუაშვილმა.
არჩევნები საქართველოში
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების – ვერიციკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,93% მიიღო. პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ცესკოს მონაცემების აღიარებაზე და კენჭისყრა ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს. ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.
ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გზით შეეცადნენ იმის დამტკიცებას, რომ საარჩევნო უბნების 2/3-ზე არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა - ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ არსებული წრის გასაფერადებლად.
ორი ინსტანციის სასამართლოსთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებისთვის ბიულეტენთან ერთად გაცემული ჩარჩ-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. გარდა ამისა, შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინანტობა.
მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
2025 წლის 20 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0