მამუკა მდინარაძემ სომეხ კოლეგა ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა

© Courtesy of State Security Service Of Georgiaმამუკა მდინარაძე და ანდრანიკ სიმონიანი
მამუკა მდინარაძე და ანდრანიკ სიმონიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2025
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, იმსჯელეს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
დღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
2025 წლის 21 ივლისს საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“.
ყველა ახალი ამბავი
0