სახელმწიფო ადეკვატურად მოქმედებს: დავით მათიკაშვილი დაკავებებს გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerდავით მათიკაშვილი
დავით მათიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2025
გამოწერა
საქართველოში გასული წლის ნოემბრიდან იმართება საპროტესტო აქციები, რომელთა ძირითადი მოთხოვნებია დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. სახელმწიფო კანონდამრღვევების მიმართ ადეკვატურად მოქმედებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
ბოლო დღეებში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის - რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის მცირერიცხოვან საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ათობით პირი დააკავეს.
„სახელმწიფო მოქმედებს სრულიად ადეკვატურად, როგორც საკანონმდებლო სივრცის გამკაცრების, ასევე უშუალოდ პროცესების მართვის თვალსაზრისით. ნებისმიერი, ვინც კვლავ შეეცდება დაარღვიოს კანონი, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან იქნება პასუხგაცემული. ის პირები, ერთი მუჭა რადიკალები, რომლებიც ცდილობენ გადაკეტონ რუსთაველის გამზირი, ბუნებრივია, რომ მათ მიმართ იქნება გამოყენებული ყველა კანონით დაშვებული ყველა ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მილიონნახევრიანი ქალაქის ფუნქციონირებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმართება, რომელთა ძირითადი მოთხოვნებია დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. 2025 წლის იანვრის შემდეგ ყოველდღიური აქციების მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ სცილდება.
ყველა ახალი ამბავი
0