ღარიბაშვილის საქმე: მმართველი პარტია გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან თავს იკავებს

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2025
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სინანული გამოთქვა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი განცხადებების გამო და დასკვნების გაკეთებამდე ყველას მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების დასრულებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა ანაზღაურების მიღება. ღარიბაშვილმა ბრალდება სრულად აღიარა.
„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა პირადად გააკეთა განცხადება პარტიის ოფისში პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ და ბოლო მოვლენები „ძალიან სამწუხარო და დასანანია“.
„მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხებს – როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთ დასკვნები. მე მგონი, არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საქმის დეტალები
გამოძიების ინფორმაციით, ღარიბაშვილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 ათას ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, უწყების ინფორმაციით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463.630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210 ათას ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3,6 მლნ ლარი.
„ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6,5 მლნ აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად", - განაცხადა პროკურორმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0