იმერეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

© courtesy of National Food Agencyბრძოლა აზიურ ფაროსანასთან
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2025
გამოწერა
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები თერმული ნისლის მეთოდოლოგიით დაამუშავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უწყების ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 30 ერთეული სპეცტექნიკა. ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში – დიმში, პირველ ობჩაში, მეორე ობჩაში, ფერსათში, როხასა და წითელხევში 1,8 ათასი ჰა ტერიტორია თერმული ნისლის მეთოდოლოგიით დამუშავდა.
ღონისძიებები სოფლების გარე და შიდა პერიმეტრებზე უსაფრთხოების წესების დაცვით საღამოს საათებში მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ მიგრირებული მავნებლის საწინააღმდეგოდ საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მექანიკური საშუალებები გამოიყენოს.
უწყების ცნობით, ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
ყველა ახალი ამბავი
0