აქტივიზმი კი არა, კანონდარღვევაა: მმართველ პარტიაში აქციის მონაწილის ქმედება დაგმეს

© courtesy of Nino Tsilosaniნინო წილოსანი
ნინო წილოსანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2025
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო შესწორებები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რის შედეგადაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ახალგაზრდა ქალი, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა, ვერასდროს გახდება ქართველი ქალების ან ქარული აქტივიზმის სახე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
22 ოქტომბერს შსს-მ გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობისთვის ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. უწყების ცნობით, აქციის მონაწილეებმა უკანონოდ შეეცადნენ გზის გადაკეტვას, შედეგად ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო გოგონა, რომელის პოლიციის ავტომობილზე ავიდა, სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
„პოლიციის მანქანაზე მორბენალი გოგო ვერასდროს გახდება ვერც ქართველი ქალის და ვერც ქართული აქტივიზმის სახე, სამწუხაროდ, ეს ვითომ აქტივისტები ითხოვენ, რომ ვიღაცის მონები და ვიღაცის მორჩილებაში იყვნენ“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ყველა დაკავებულმა პირმა უნდა აგოს პასუხი და აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ მოტივებზე.
„რა თქმა უნდა, კანონს ექნება შესაბამისი რეაგირება და თითოეული ამ თვითნებობის თუ დანაშაულებრივი მოქმედების დროს დაკავებული ადამიანი არის დამნაშავე და მათი დაკავება არაფრით უკავშირდება პოლიტიკურ ინტერესს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
მმართველი პარტიის წევრმა დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ კანონი უკვე რეაგირებს მიმდინარე მოვლენებზე და მკაცრად იმოქმდებს.
„ადმინისტრაციული დაკავებები განმეორებით შემთხვევაში გადაიზრდება სისხლის სამართლის პატიმრობაში. ეს თუ უღირთ იმ სრულიად აბსურდული მოცემულობისთვის, რომ 20-30-მა ან თუნდაც, 100-მა კაცმა გადაკეტოს დედაქალაქის მთავარი არტერია, ეს მათზეა დამოკიდებულია და რა თქმა უნდა, ყველა სამართალდამრღვევი სათანადოდ აგებს პასუხს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0