სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2025
გამოწერა
პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის (სუსი) ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.
უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსაც კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს - ჯამში 1,3 მლნ დოლარი. ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2,9 მლნ დოლარი.
გამოძიებით დადგენილია, რომ კობა ხუნდაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმეეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში.
„აღნიშნული ქმედებებით დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში.
აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ცნობით, გრძელდება გამოძიება საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით.
17 ოქტომბრის ჩხრეკის დეტალები
17 ოქტომბერს ჩხრეკა ასევე ჩატარდა ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების: მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების სახლებში.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7.002,200 დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ტელეფონი და 119 კომპიუტერი
ყველა ახალი ამბავი
0