ასადოვი: აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ

© Government of Georgiaალი ასადოვი
ალი ასადოვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2025
გამოწერა
ასადოვის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს სანდო პარტნიორები არიან არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატსა და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე, განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეხუთე, საიუბილეო ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში დღეს გაიხსნა. მასში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ღონისძიება საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.
„რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ, გლობალურ საკითხებზე და დღის წესრიგზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენ დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ თავშეყრის მნიშვნელობას“, – განაცხადა ასადოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს.
„წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც", - განაცხადა ასადოვმა.
ასადოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გულთბილი მიღებისა და ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„აბრეშუმის გზის" ფორუმი 23 ოქტომბერს დასრულდება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს-სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები.
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. დღეს, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება 7 პანელური სესია, რომელზეც განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.
პანელური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას - გათვალისწინებული იქნება სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის.
ფორუმის მეორე დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის.
ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით.
„თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი“ 2015 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. პირველმა ფორუმმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა. მასშტაბური ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0