ყველა ნორმა დაარღვია: ბოჭორიშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკამათო ვიზიტზე

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Finlandელინა ვალტონენი
ელინა ვალტონენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2025
გამოწერა
ვალტონენის ვიზიტმა საქართველოში დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა დიპლომატის უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში ვიზიტის დროს ყველა საერთაშორისო ნორმა და წესი დაარღვია, 57 მონაწილ- ქვეყნიდან მხოლოდ ათმა გაამართლა მისი ქმედებები, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
16 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს სამდივნოს ვალტონენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ნოტაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც „საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა".
„რეალურად, მან დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს ამ შემთხვევაში, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას ეუთოს ფარგლებში. ჩვენ ვიმოქმედეთ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებში მოქმედების შესაძლებლობასაც იძლევა საერთაშორისო წესები. გაგზავნილი იქნა ნოტა, რომელიც მიიღო ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანამ.", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნების რეაქცია ნოტაზე შთამბეჭდავი იყო: 57 მონაწილიდან ათმა მხარი დაუჭირა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებებს, დასძინა მან.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვალტონენის ვიზიტი საქართველოში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მანდატის ფარგლებში შედგა, თუმცა, ის თავმჯდომარეობის დასკვნით ეტაპზე მოხდა და, მინისტრის თქმით, საქართველოსთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ვიზიტი უფრო სასარგებლო იქნებოდა წლის დასაწყისში, როდესაც ფინეთის თავმჯდომარეობა ყველაზე აქტუალური იყო.
„მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ შეგვიშლია ამ ვიზიტის განხორციელებაში. პირიქით, ხელი შევუწყვეთ ამ ვიზიტის განხორციელებას და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურის ფარგლებში ეწვია, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ვალტონენის ვიზიტმა საქართველოში დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა დიპლომატის უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოებამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან იხილა დიპლომატიური ნორმების დარღვევა, რომელიც საქართველოში ეუთოს ეგიდით ჩამოვიდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფინელი დიპლომატი უღირსად მოიქცა, ჩაერია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის ქცევის სტანდარტები დაარღვია.
ვალტონენმა სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“. ვალტონენმა ასევე დაგმო ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, რასაც „არაპროპორციული იურიდიული პროცედურების“ შედეგი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეჭვს იწვევს.
ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით, ეუთომ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაღალი დონის შეხვედრების დროს ვალტონენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოს ერთგულება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მხარდაჭერის მიმართ.
ვალტონენმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობისა და შემზღუდავი კანონების გამო, რომლებიც, მისი თქმით, აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ჟურნალისტების მუშაობას. მინისტრმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადალახოს პოლიტიკური კრიზისი და აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, ხაზი გაუსვა ეუთოს მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.
ყველა ახალი ამბავი
0