ხუციშვილი: საქართველომ შეძლო მდგრადი ეკონომიკური განვითარება

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2025
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% ეთმობა კაპიტალურ ხარჯებს.
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველომ შეძლო მდგრადი ეკონომიკური განვითარება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაშინგტონში 13-18 ოქტომბრის პერიოდში გაიმართა.
როგორც ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების გაერთიანებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისას, რეფორმებისა და საინვესტიციო დღის წესრიგის განსაზღვრისას საქართველო ორიენტირებულია გააძლიეროს და განამტკიცოს დაკავშირებადობის ფუნქცია.
„ამ დროისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% ეთმობა კაპიტალურ ხარჯებს, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ელექტრო-გადამცემი ხაზების მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საჯარო სერვისების გამარტივების, ციფრულ რეჟიმში დაბეგვრის, ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიმართულებით.
„დღეის მდგომარეობით საქართველო გაწევრიანებულია ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემა NCTS-ში, სავაჭრო შეთანხმებები მოქმედებს ევროკავშირთან, ჩინეთთან და, საერთო ჯამში, 47 ქვეყანასთან და საბაჟო კავშირთან, ძალაშია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება 58 ქვეყანასთან“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მე-3 ადგილზეა მარეგულირებელი ჩარჩოთი, მე-14 ადგილზეა საჯარო სერვისებში, მეორეზე – ოპერაციული ეფექტურობით, B-Ready კვლევის მიხედვით (რომელიც ჩაანაცვლებს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს) და პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობით.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9%-ით იზრდება, რასაც თან ახლავს მიზნობრივთან ახლო ინფლაცია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გაორმაგება, შეინიშნება ეკონომიკის სტრუქტურული ძვრები და ისეთი სერვისების ექსპორტი, როგორებიცაა განათლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტურიზმი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა მუშაობს აზერბაიჯანთან ერთობლივ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთი ფანჯრის კონცეფციით, ასევე ემზადება გადამცემი ხაზების გაფართოებისთვის წყალქვეშა ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელების აშენებით. ასევე ხორციელდება ინვესტიციები ახალ ღრმაწყლოვან პორტში და იგეგმება ახალი აეროპორტის აშენება.
„შუა დერეფანს ყოველთვის ჰქონდა თავისი ნიშა და სწორედ ამიტომ დავიწყეთ მასში ინვესტირება ათწლეულების წინ. იმისათვის, რომ შუა დერეფანი ეფექტურ და სტაბილურ მარშრუტად ჩამოყალიბდეს და იქცეს სხვა მარშრუტების ნაწილობრივ ალტერნატივად, ის მოითხოვს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სამომავლო მხარდაჭერას”, – აღნიშნა ხუციშვილმა.
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრაც გამართეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველებმა და ალტერნატიული მმართველებმა, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა განიხილეს გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება და დახმარების ეფექტურობა, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემები.
ტრადიციულად, ყოველწლიური შეხვედრები ვაშინგტონში ზედიზედ ორი წლის განმავლობაში იმართება და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, რათა ასახოს ორივე ორგანიზაციის საქმიანობის საერთაშორისო ხასიათი.
ყველა ახალი ამბავი
0