ტექნოლოგიებისა და IT-სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2025
გამოწერა
ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ინიციატივებზე, რომლებმაც IT-სექტორის სტატისტიკის გაუმჯობესება გამოიწვია.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ტექნოლოგიური სექტორის, მათ შორის IT-სექტორის განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკაში IT-სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის მდგომარეობით კი, მისმა წილმა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 5% შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია.
„ყველა პარამეტრი იმაზე მეტყველებს, რომ ის პოლიტიკა და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ IT ეკოსისტემის გასაძლიერებლად გაატარა, ძალიან ეფექტურად მუშაობს“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, IT-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.
„რაც შეეხება IT-მიმართულებით გაწეული მომსახურების წილს მთლიანი ექსპორტის მოცულობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ის 7%-ს გაუტოლდა, რაც 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 8 -ჯერ გაიზარდა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ინიციატივებზე, რომლებმაც IT-სექტორის სტატისტიკის გაუმჯობესება გამოიწვია.
მისი თქმით, მნიშვნელოვნად განვითარდა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემაც და ქართული სტარტაპების მიერ შექმნილმა ჯამურმა ეკონომიკურმა სარგებელმა 700 მლნ ლარს გადააჭარბა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ შესახებ, რომლის ფარგლებში შერჩეული საერთაშორისო აქსელერატორები ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.
ნადარეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება დარგის მხარდაჭერის ბოლო სამთავრობო ინიციატივებზე, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპის სპეციალური სტატუსის ამოქმედებაზე, რომელიც 3 წლის განმავლობაში შესაბამისი პროფილის სტარტაპებს ნულოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უცხოელი IT-სპეციალისტებისთვის სპეციალური ბინადრობის პირობების შემოღებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0