ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

© photo: Sputnik / STRINGERკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
ფედერაციამ მილოცვის ოფიციალური წერილი მიიღო
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის (Basketball Champions League Competition Department) ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იყვნენ - გერმანული ტელეკომ ბონი, ესპანური გუნდები - „ტენერიფე“ და „უნიკახა“.
„ფიბა-ს ერთ-ერთი საიმიჯო და მთავარი საკლუბო ტურნირის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა, ვიქტორ სანიკიძის მორიგი დაფასება და მისთვის ნდობის გამოხატულებაა“, - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფედერაციამ ოფიციალური წერილი მიიღო, რითაც სანიკიძეს საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა მიულოცეს და ჩემპიონთა ლიგის ჩატარებაში ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებები უსურვეს.
წლებია, ვიქტორ სანიკიძე ფიბა-ს საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესაბამისი მიმართულებით ორგანიზებაა.
ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად სამ ევროპის ჩემპიონატში (2011, 2013, 2015) მიიღო მონაწილეობა და ქულებითა და მოხსნების რაოდენობით გუნდის ლიდერებს შორის იყო. მან კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს განაცხადა. 2021 წელს სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
ყველა ახალი ამბავი
0