პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი: მთავრობის გეგმები და მოსაზრებები

© STRINGERსაპროტესტო აქცია თბილისში
საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
საბოლოო სია ჯერ არ შედგენილა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, სიაში 10-მდე პარტია იქნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით 10-მდე პოლიტიკური პარტიის აკრძალვას გეგმავს, ოპოზიცია კი მომდევნო რეპრესიებს ელის.
აკრძალვის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ შეაგროვა მასალები ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 2012 წლის შემდეგ შექმნილი ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა პრინციპების მიხედვითაც შეიქმნება იმ პარტიების სია, რომელთა აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის „ნაცმოძრაობა“, იგივე „ახალი“, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის რა, რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საბოლოო სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში, შესაძლოა ეს იყოს 10-მდე პარტია.
„ზუსტი სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში, შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“, – განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.
ქართული ოპოზიცია...
საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა - „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ტრადიციონალისტები“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს.
ცალკე უნდა აღინიშნოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თანამოაზრეების მიერ დაარსებული პარტიები, როგორიცაა „საქართველოსთვის“ და „ხალხისთვის“.
გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც 2012 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ გაჩნდა - „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
უკანასკნელი ორი ოპოზიციური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, აქტიურად უჭერდა მხარს ანტისამთავრბო საპროტესტო აქციებს. თავის მხრივ, მთავრობა საპროტესტო მოძრაობებს „საბოტაჟის“ ან „რევოლუციის“ მცდელობად მიიჩნევს.
... და მისი გეგმები
აკრძალვის საფრთხის ქვეშ მყოფ პარტიებში სხვა რეპრესიებსაც არ გამორიცხავენ.
„შეიძლება აგვეკრძალოს საერთოდ ქვეყნიდან გასვლა, ტელევიზიებში ჩართვაც და თუ ჩავერთვებით, შემდეგ იმ ტელევიზიებს დაეკისროს ძალიან დიდი ჯარიმები. შეიძლება სხვადასხვა ტიპის სანქციები აამუშავოს ივანიშვილმა და საბოლოო ჯამში დაიწყოს იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც ამ აკრძალვას არ დაემორჩილებიან", - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
ხოლო პარტია „ლელოში“ პარტიების სავარაუდო აკრძალვას ქვეყანაში დიქტატურის დაწყებასთან აიგივებენ.
„პოლიტიკის მეცნიერებაშიც კი პოლიტიკის აკრძალვა არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმ საწყისი ფაზის, რასაც ჰქვია დიქტატურა და განსხვავება ე.წ. ავტორიტარიზმსა და დიქტატურას შორის არის სწორედ ის, რომ რეჟიმი, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, არის დიქტატურა", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
გაუქმების მიზეზები
მმართველ პარტიაში პარტიების გაუქმების საფუძვლად სახელდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას სწავლობდა.
კომისიამ დაადგინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ხელს უშლიან „საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას".
კომისიის აზრით, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ხსენებული პარტიები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის" „ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის" „ნაცმოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციაში და კოალიციურ მართვაში არიან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას.
„მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“, - ნათქვამია ანგარიშში.
როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:
საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება აკრძალოს პარტია, რომლის გამოცხადებული მიზანი და მისი საქმიანობის ხასიათი (მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის არსსა და მიზანს.
ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.
ყველა ახალი ამბავი
0