დიპლომატიური სკანდალი არ ცხრება: პრემიერმა ფინელი დიპლომატის მიწვევაზე უარი თქვა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Finlandფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
კობახიძის თქმით, საზოგადოებამ ნახა დიპლომატიური ნორმების დარღვევა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც საქართველოში ეუთოს ეგიდით ჩამოვიდა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს უკანონო საპროტესტო აქციაში არცერთ ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში.
ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე ელინა ვალტონენს, რომელმაც ის სოციალური ქსელ X-ის საშუალებით ფინეთში „თავისუფალი მედიის წარმომადგენლებთან შესახვედრად და მის მიერ არჩეულ ნებისმიერ დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად“ მიიწვია.
„არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში, - განაცხადა კობახიძემ.
ვალტონენის ვიზიტმა საქართველოში დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა დიპლომატის უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.
კობახიძის თქმით, საზოგადოებამ ნახა დიპლომატიური ნორმების დარღვევა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც საქართველოში ეუთოს ეგიდით ჩამოვიდა. მისი თქმით, ფინელი დიპლომატი უღირსად მოიქცა, ჩაერია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის ქცევის სტანდარტები დაარღვია.
პრემიერ-მინისტრმა კვლავ დაადანაშაულა ვალტონენი ტყუილში მისი მტკიცების შესახებ, რომ მისი მისვლის მომენტში საპროტესტო აქცია რუსთველის გამზირზე ჯერ მხოლოდ იწყებოდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ სწორად შეაფასა ფინელი მინისტრის საქციელი, მისი ტყუილი და შეუფერებელი განცხადებები.
„არათუ რაიმე უარყოფითი განცდა ვერ დატოვა ქართულ საზოგადოებაში მისმა უხეშმა, არაკორექტულმა და სტანდარტებს მიღმა საქციელმა, არამედ პირიქით, საზოგადოება უფრო მეტად დამობილიზდა იმ სიუხეშის და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, მომდევნო დღეს ვალტონენმა კვლავ მოიტყუა, ამჯერად შეხვედრის გაუქმების შესახებ. სოციალურ ქსელში მან გაუქმება „განრიგების შეუთავსებლობას“ მიაწერა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავად მინისტრმა გამოიწვია შეხვედრის გაუქმება თავისი საქციელით და საქართველოს მთავრობამ ერთადერთი შესაძლო და ღირსეული რეაგირება მოახდინა.
„არ შეიძლება, ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ ასეთ რამეს, თუ ელემენტარული ღირსება აქვს ხელისუფლებას. ამიტომ, მიიღო ის პასუხი, რაც ეკუთვნოდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს არის მთლიანად ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა, რომელიც რასაც დაავალებენ, იმას აკეთებს. კობახიძემ ასევე დაგმო ფინელი მინისტრის მონაწილეობა თბილისში გამართულ უკანონო საპროტესტო აქციაში და აღნიშნა, რომ ასეთი საქციელი ამცირებს დიპლომატის თანამდებობას და ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას.
16 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა.
საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
უწყების აზრით, ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.
ვალტონენმა სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“. ვალტონენმა ასევე დაგმო ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, რასაც „არაპროპორციული იურიდიული პროცედურების“ შედეგი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეჭვს იწვევს.
ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით, ეუთომ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაღალი დონის შეხვედრების დროს ვალტონენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოს ერთგულება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მხარდაჭერის მიმართ.
ვალტონენმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობისა და შემზღუდავი კანონების გამო, რომლებიც, მისი თქმით, აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ჟურნალისტების მუშაობას. მინისტრმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადალახოს პოლიტიკური კრიზისი და აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, ხაზი გაუსვა ეუთოს მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.
ყველა ახალი ამბავი
0