ფინანსურ დანაშაულზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ: კანონი უფრო მკაცრდება

© photo: SputnikЗдание парламента Грузии. Фасад
Здание парламента Грузии. Фасад - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2025
გამოწერა
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობა უფრო მკაცრდება და პირს ქვეყნის დატოვება, შესაძლოა, სამუდამოდ აეკრძალოს თუ დაზარალებულს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის - კერძოდ, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს უკვე გამკაცრდა.
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს და ქვეყნიდან გასვლას 16 წლით უკრძალავს. სექტემბერში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება.
პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონის პროექტით კი მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე დაეკისრება.
ასევე კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი არ წარმოუდგენია იმის თაობაზე, რომ:
დაზარალებულს კომპენსაცია გადაუხადა
დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა
დაზარალებული უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე/კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებაზე.
ცვლილებებით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქისთვის ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლებიც. ამ შემთხვევაშიც ზემოთ აღნიშნული ანალოგიური წესი იმოქმედებს, რაც კომპენსაციისა და ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.
მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მისი ოჯახის წევრებს ქონება, შესაძლოა, ჩამოერთვას და მისი განკარგვა დაზარალებულის სასარგებლოდ მოხდეს.
ამავე კანონით, მსჯავრდებულს, სანამ ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება; ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
განახლებული კანონი შეეხებათ მათ, ვისაც დამნაშავედ ცნობენ შემდეგი მუხლებით ჩადენილ დანაშაულებში: დიდი ოდენობით თაღლითობა; ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა; დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით - დიდი ოდენობით; სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 ათას ლარს); დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, - რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0