კირცხალია: დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე სარჩელზე მუშაობა დასრულდა
© Courtesy Irakli Kirtskhalia ირაკლი კირცხალია

© Courtesy Irakli Kirtskhalia
გამოწერა
როგორც ადრე მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი გახდება, რათა საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აიკრძალოს.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
„საგამოძიებო კომისიის შედეგებზე მომზადდა უმძიმესი დასკვნა. ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ამ დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებოდათ საშუალება, ასევე პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში", – განაცხადა კირცხალიამ.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა. იგი იძიებდა 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობას მათი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. კომისიის მუშაობა ექვსი თვე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 46 სხდომა, გამოიკითხა 139 ადამიანი და მომზადდა 460-გვერდიანი დასკვნა. ბოლო თავი ეძღვნება 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პროცესებს. კომისიის დასკვნა ითარგმნება უცხო ენებზე.
საკანონმდებლო ორგანომ 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო.
რა წერია დასკვნაში:
2004-2012 წლებში სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენლები განზრახ არღვევდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რასაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჩინოვნიკები უკანონოდ ართმევდნენ ადამიანებს თავისუფლებას, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, უპატიურებდნენ და კლავდნენ. საგამოძიებო კომისიამ ასევე დაადგინა, რომ პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა სასტიკი მეთოდების გამოყენება თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა.
მკვლელობისა და ძალადობის თითქმის ყველა საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი აყალბებდა მტკიცებულებებს, ავრცელებდა მოვლენების მისთვის ხელსაყრელ ვერსიას და/ან განზრახ არასწორად წარმართავდა გამოძიებას, რის გამოც რიგ საქმეებზე სიმართლის დადგენა დღემდე შეუძლებელია.
სააკაშვილი და სხვა თანამდებობის პირები ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს და მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით უზრუნველყოფდნენ.
2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრებების ტალღა და სასტიკი ანგარიშსწორება დაიწყო იმ პირთა მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და იცავდა საქართველოს, ან იმ პირთა მიმართ, ვინც თვითმხილველი იყო სამხედრო და ომისშემდგომი მოვლენებსა და ეჭვქვეშ აყენებდა რეჟიმის გადაწყვეტილებების სისწორეს ნებისმიერი ფორმით.
წინა რეჟიმი უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა თავის ოპონენტებს „ჯაშუშობაში“, „რუსეთის სასარგებლოდ აგენტობასა“ და „ სამშობლოს ღალატში“, რაც დღემდე ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელი პრაქტიკაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყო ერთადერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომლის წინაშეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ცდილობდა ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას, თუმცა, ზოგჯერ ეს მხოლოდ ზედაპირული იყო.
კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. ოპოზიციის მხრიდან კომისიის წევრები იყვნენ დეპუტატები: სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო მმართველი პარტიის მხრიდან - თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური.
როგორც ადრე მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი გახდება, რათა საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აიკრძალოს.
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს ქვეყნის ოთხი ძირითადი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ გაუქმების მოთხოვნით.
როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:
საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.