ფშაველი-ომალოს გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerთუშეთის გზა
თუშეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2025
გამოწერა
ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით გზა იკეტება, თუშეთში ასვლა მხოლოდ ზაფხულსა და სექტემბერშია შესაძლებელი.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით მეორე ლოტზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე 21,5 -25,5-ე კმ მონაკვეთზე გამოცხადდა.
აღნიშნული პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მლნ ლარს აღემატება.
უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
ამჟამად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები დაყოფილია 8 ლოტად, საიდანაც 7 ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. მეორე ლოტზე, ტენდერის დასრულების და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აღნიშნული გზის რვავე მონაკვეთზე იქნება ხელშეკრულება გაფორმებული. კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადებების წარდგენა 10 ნოემბრამდე შეეძლებათ.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება.
თუშეთის გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0