კალაძე: EPP-ს მხრიდან ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნა ორმაგი სტანდარტის მაგალითია

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2025
გამოწერა
კახა კალაძემ ასევე განმარტა, თუ რატომ ებრძვის EPP მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და მოითხოვს მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ ორმაგი სტანდარტების მაგალითია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) განცხადება გაავრცელა საქართველოში არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის მცდელობა აღკვეთა. EPP-მ მოუწოდა ევროკავშირს, დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს საქართველოში.

„ორმაგი სტანდარტის მაგალითია. ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიპ სტეიტის“ გავლენის ქვეშ არიან. ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ კრიმინალი, ძალადობა წაახალისონ, გახლიჩონ საზოგადოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაანალიზა, ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.
მან ასევე განმარტა, თუ რატომ ებრძვის EPP მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და მოითხოვს მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„მან თავისი მტკიცე ხასიათით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს ინტერესები, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ვისაც ებრძვიან ბიძინა ივანიშვილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დასავლეთი ივანიშვილის წინააღმდეგ
ზოგიერთი ადგილობრივი ოპონენტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალს“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ივანიშვილი პოლიტიკიდან ორჯერ წავიდა და უკან დაბრუნდა. ეს შედეგები მმართველი პარტიის რეიტინგის კლებას და პარტიის შიდა კრიზისს დაემთხვა.
2023 წლიდან იგი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოვიდეს „ჩრდილიდან“ და ღიად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ თანამდებობებზე კანდიდატურების დამტკიცებასა და პარტიული დღის წესრიგის ფორმირებაში. დასავლეთმა ივანიშვილის კრიტიკას ოფიციალურად არ უპასუხა, თუმცა ქართველმა მილიარდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები დაწესდა.
ამის მაგალითი იყო შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში არსებულ ანგარიშებთან დაკავშირებული სკანდალი. ბანკმა და მისმა შვილობილმა კომპანიებმა, ახსნა-განმარტების გარეშე, უარი განაცხადეს მისი ანგარიშებიდან ფინანსური ტრანზაქციების დამტკიცებაზე, რითაც ფაქტობრივად ხელი შეუშალეს ივანიშვილს თავისი ფინანსური რესურსების მართვაში.
მილიარდერმა მასშტაბური სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც მოიგო. 2023 წელს ბანკი ბანკროტად გამოცხადდა და გაიყიდა, თუმცა ივანიშვილმა თანხები მაინც ვერ მიიღო. ოფიციალურ განცხადებებში იგი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ მიზეზი გახდა უარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს ჩართვაზე და ქვეყანაში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისი ძალადობრივი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა, რამაც დარბევა და დაპატიმრებები გამოიწვია. დასავლეთმა საპასუხოდ, ძალადობასთან კავშირში მყოფი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. პირველი რეაგირება უკრაინამ მოახდინა, შემდეგ აშშ-მ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. პირველმა ორმა ფინანსური შეზღუდვები შემოიღო, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები ქვეყანაში შესვლის აკრძალვით შემოიფარგლნენ.
ყველა ახალი ამბავი
0