ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ბიომეტრიული პასპორტი
საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2025
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს.
საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გახანგრძლივდა 2026 წლის იანვრამდე.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს - საფასურები იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.
ამასთან, განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:
დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
დიპლომატიური პასპორტი;
სამსახურებრივი პასპორტი;
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.
როგორც სააგენტოში განმარტეს, ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.
პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა 2025 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება.
პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
ყველა ახალი ამბავი
0