რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2025
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა და გაიხსნა საავტომობილო მოძრაობა, იუწყება ქართული მედია.
გზის სავალ ნაწილზე მდგარ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ტროტუარზე გადასვლისა და გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციაც დაშლილია.
რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს - აღნიშნული პირები არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა. მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0