ნათია თურნავა: ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2025
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოსახლეობას ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილე მიულოცა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ლარი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ქართული ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
1995 წლის 2 ოქტომბერს ლარი საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
„ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. იგი ღირსეულად აგრძელებს ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას, რომელიც კოლხური თეთრით დაიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციისა და მდიდარი ეკონომიკური წარსულის ნათელი დადასტურებაა. ქართული ფულის სახელწოდებაც ჩვენი ისტორიიდან მოდის - „ლარი" - ქონების, განძის, სიმდიდრის გამომხატველი სიტყვაა", - განაცხადა ნათია თურნავა.
მისი თქმით, გასული სამი ათეული წელი სავსე იყო მიღწევებით და გამოწვევებით. ამ პერიოდში ლარმა თავისი მთავარი ფუნქცია შეასრულა - ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
„ლარის შემოღება იყო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ამასთან, იგი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ქვაკუთხედია", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალდაკვალ, დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად და საკრედიტო სისტემას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები - „ეროვნული ბანკის შესახებ", „ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ" და „ბანკების და საბანკო საქმიანობის შესახებ". სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად, აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და დახმარება. მისი თქმით, სსფ დღემდე რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად.
„ლარმა უპირველესად, სტაბილურობა მოგვიტანა. მეორე მხრივ, განამტკიცა ჩვენი სუვერენიტეტი. შემდგომ ის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარი. ახლა დროა, ახალი თავი დაიწეროს ჩვენს ისტორიაში და ეს დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხის ნდობაზე", - განაცხადა თურნავამ.
თურნავას თქმით, ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც უდავოდ დიდ როლს ასრულებს ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და საზედამხედველო მიდგომები, რასაც ეროვნული ბანკი ატარებს.
მისი თქმით, ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ ათწლეულების წინ დეპოზიტების 70%-80% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი ლარშია (50%), ქვეყნის რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაცია კი კიდევ უფრო მეტად - 57%-მდეა გაზრდილი.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს. ყველას, ვინც ჩართული იყო ფულის რეფორმის განხორციელების პროცესში. მათ, ვინც მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში", - განაცხადა თურნავამ.
ლარის საიუბილეო წელი ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიებით და აქტივობით აღნიშნა - უმასპინძლა მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს, განაახლა სამეცნიერო - ანალიტიკური ჟურნალის გამოცემა, მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ - ნიკელის საკოლექციო მონეტები და გამოუშვა 50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი.
ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა თემატური საფოსტო მარკა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.
ამას გარდა, წელს ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად კონფერენციით აღნიშნა, რომელიც ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ლარის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, წლის ბოლომდე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0