ივანიშვილი: დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა, სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2025
გამოწერა
მისი თქმით, „ქართული ოცნება“უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. თუმცა, რადიკალური ოპოზიცია და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთ შესაძლებლობას 4 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ხედავენ.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება ფეხი დაგვიცდეს, უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილში.
ივანიშვილის ღია წერილი საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვების მორიგ წლისთავს ეძღვნება. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი, როცა იგი დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

„განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა, მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია!... დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა, სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან, დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის", - ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, საქართველო ამჟამად რთული გზის ბოლო მონაკვეთს გადის და ამ ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
„საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის - მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების - ქართველობის მთავარი განმსაზღვრელების შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა, სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან", - ნათქვამია წერილში.
ბიძინა ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებას ქართველ ხალხთან ერთად ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური სიმტკიცის მიღწევაში მთავარ ბარიერად ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციური ძალები ევლინებიან, რის მიუხედავადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელშესახებ შედეგს მიაღწია.
„ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ", - ნათქვამია წერილში.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. თუმცა, რადიკალური ოპოზიცია და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას 4 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ხედავენ.
„ჩვენი ერთიანობის, 1-ელი ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვრისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ", - ნათქვამია წერილში.
როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველ ხალხს 4 ოქტომბერს აქვს შანსი მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ „ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის".
„4 ოქტომბერს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!", - ნათქვამია წერილში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს, ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და რაიონში გაიმართება. არჩევნებში 12 პარტია იღებს მონაწილეობას. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
არჩევნების დღეს რუსთველის გამზირზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია - ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა 4 ოქტომბერს მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა დააანონსა. მმართველმა პარტიამ, თავის მხრივ, არაერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გასული წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააკეთა და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ნდობა გამოუცხადა.
მმართველი გუნდი აფრთხილებს ოპოზიციასა და მის მომხრეებს, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. შესაძლო ძალადობრივი პროცესების განვითარებას ემიჯნებიან არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები.
როგორც ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია ძალა და რესურსი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად და რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0