განცხადებები, რომ სპეცრაზმი არ ეყოფა მთავრობას, უხერხულია: „გირჩი" ოპოზიციის გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2025
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დღეს - ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. გამიკვირდება, რომ 4 ათას კაცზე მეტი მოვიდეს 4 ოქტომბრის მიტინგზე, განცხადებები, რომ სპეცრაზმი არ ეყოფა მთავრობას, ცოტა უხერხულია იმ არასერიოზულობის ფონზე, რომელიც ამ მიტინგს ახლავს თან, ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ ძალოვან უწყებას საპროტესტო აქციის მონაწილეების გასანეიტრალებლად საკმარისი რესურსი არ აქვს.
საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. არჩევნების დღეს რუსთველის გამზირზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა 4 ოქტომბერს მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა დააანონსა. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში გაიმარჯვებს.
მმართველი გუნდი კვლავ აფრთხილებს ოპოზიციასა და მის მომჯხრეებს, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. შესაძლო ძალადობრივი პროცესების განვითარებას ემიჯნებიან არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები.
ამ დღებში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გამოვლენ, რათა დაიცვან კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და წინ აღუდგნენ ნებისმიერ სასტიკ მოპყრობას. მისი თქმით, „ხელისუფლება და გდდ-ის 4 ათასი სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს".
„გამიკვირდება, რომ 4 ათას კაცზე მეტი მოვიდეს ასეთ მიტინგზე. ცხადია, არც არავის გაუჩნდება მოტივი, რომ ასეთი მიტინგი დაარბიოს. არ მგონია, რომ ბევრი ადამიანი გამოვა და რამე დაძაბულობა შეიქმნება ამის გამო, თუ ვიღაცას ძალიან არ უნდა ხელოვნურად შექმნას ეს ყველაფერი", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბერს რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები ეცდებიან, რომ ქვეყანა არიონ, თუმცა ხელისუფლება არავის მისცემს ამის საშუალებას და საარჩევნო დღე მშვიდ გარემოში ჩაივლის.
„13 წელია თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ცდილობენ ხელოვნური ქაოსის შექმნას ქვეყანაში. უკვე მერამდენე რევოლუციის მცდელობა ჩაუვარდათ წყალში, თვლაც ამერია. არჩევნების შემდეგ რა დესტრუქციის შემოტანასაც შეეცდებიან, ეს ყველაფერი აღკვეთილი იქნება. თუ კანონის ფარგლებიდან გავლენ, რაც სავსებით მოსალოდნელია, ყველა ადამიანი აგებს ამისთვის პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა.
როგორც ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია ძალა და რესურსი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად და რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.
11 სექტემბერს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დააკავეს - პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
ხაბეიშვილმა, სხვა ოპოზიციური ლიდერების მსგავსად, ასევე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე - ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის დღე იქნება.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0