საქართველო დაინტერესებულია საამიროებთან თანამშრომლობის გაღრმავებით - პრემიერი

© Сourtesy of Georgian Governmentარაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2025
გამოწერა
არაბეთის გაერთიანებული საამიროები საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მაქსიმალურად დაინტერესებულია, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ქვეყანებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან შეხვედრისას განაცხადა.
საამიროების პრეზიდენტი თბილისს 19 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. კობახიძის თქმით, საქართველო პირველად მასპინძლობს არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ქვეყნისთვის არის უდიდესი პატივი. ოფიციალური დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
„თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
კობახიძის თქმით, არაბული კომპანიები აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოში.
„არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმატებით ოპერირებს და მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ“,- აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძემ საამიროების ლიდერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდიად აფასებს თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას.
პრემიერმა მსგავსი ინიციატივების შემდგომი განვითარების იმედი გამოთქვა.
თავის მხრივ, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ხაზი გაუსვა სავაჭრო კავშირების მზარდ დინამიკას და ორი ქვეყნის საერთო ხედვას მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის კუთხით.
მისი თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მომავალში ამას დაადასტურებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით კი ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის.
„მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით“, - აღნიშნა შეიხმა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიცია
26-27 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უმსხვილეს დეველოპერულ არაბულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი დაბანდება გახდება.
აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და გონიოში. ინვესტიცია განაწილდება დაახლოებით ხუთ წელიწადზე, პროექტის დასრულებამდე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0