ჯო უილსონი MEGOBARI Act-ის ჩავარდნის შემდეგ საქართველოს კრიტიკას აგრძელებს - რეაქციები

© photo: Sputnik / Дмитрий Паршин / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმის შენობა
კაპიტოლიუმის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2025
გამოწერა
შესწორების ტექსტში ნათქვამია, რომ აშშ-ის არცერთმა წარმომადგენელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ იქნებოდა მიმართული.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. კონგრესმენი ჯო უილსონი არის დაქირავებული რუპორი, რომელიც ფულის სანაცვლოდ თავისი კრიტიკული განცხადებებითა და ინიციატივებით საქართველოს გარშემო საინფორმაციო ხმაურის შექმნას ცდილობს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე MEGOBARI-აქტის ავტორმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიერ ინიცირებული შესწორება „ქართული კოშმარის არაღიარების შესახებ“ მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით. მანამდე კი კონგრესმენი შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომლებიც ვაშინგტონში იმყოფებიან.
კონგრესმენს ახალი იდეა მოუვიდა „მეგობარი აქტის“ სენატში ჩავარდნის შემდეგ, განაცხადა პაპუაშვილმა. მან საზოგადოებას ასევე შეახსენა 360 ათას დოლარიანი კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც სწორედ ასეთი აქტივობებისთვის არის დადებული.
„ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ. წელიწადზე მეტია რაც ე.წ. მეგობარი აქტი, მტრული აქტი სხვადასხვა კაბინეტში ტრიალებს. გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს, ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს ის დაფინანსება, მილიონიანი კონტრაქტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შესწორების ტექსტში ნათქვამია, რომ აშშ-ის არცერთმა წარმომადგენელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ იქნებოდა მიმართული.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით“, - დაწერა უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე და აღნიშნა, რომ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი პოლიტიკაა.
18 სექტემბერს შესწორებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა. დოკუმენტს უნდა უყარონ კენჭი წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე.
ვინ არის ჯო უილსონი
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ცნობილია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით. ის არის ავტორი კანონპროექტისა MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელიც „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.
დოკუმენტი ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდშია ინიცირებული. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა MEGOBARI Act, თუმცა სენატს ის ჯერ არ მიუღია.
კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ ფართო მხარდაჭერის მიუხედავად სენატი არ მიიღებს MEGOBARI Act-ს, რადგან არსებობს გარკვეული პრობლემები ბიზნესისა და საპორტო სფეროში. მისი თქმით, კანონპროექტის დაბლოკვა ერთმა ადამიანმა მოახერხა.
პრემიერმა კობახიძემ დადებითად შეაფასა MEGOBARI Act-ის ჩავარდნა და აღნიშნა, რომ ის „სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს ძალიან კარგია“. მან დაადასტურა მზადყოფნა, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან - კონკრეტული საგზაო რუკის საფუძველზე.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0