მომდევნო კვირიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი დაიწყებს მუშაობას

© Tbilisi City Hall18-მეტრიანი ავტობუსი
18-მეტრიანი ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2025
გამოწერა
ჯამში, თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან დედაქალაქის სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.
„ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, სრულად ჩაგვენაცვლებინა ავტოპარკი ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია და მზადაა, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს. 27 სექტემბრიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს, გამოთავისუფლებული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა ხაზზე გადანაწილდება", - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, დღეს თბილისისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია, თუმცა მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გახდეს.
„სწორედ ამიტომ, შესაბამისი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და „თეგეტა ჰოლდინგს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
მერიის ცნობით, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.
ამ ეტაპისთვის 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 111,1 მლნ ევროს შეადგენს.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს საცობებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0