თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო „აბრეშუმის გზის“ ფორუმს უმასპინძლებს

© Courtesy of Tbilisi Silk Road Forum „აბრეშუმის გზის ფორუმი"
 „აბრეშუმის გზის ფორუმი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2025
გამოწერა
„აბრეშუმის გზის“ განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი 22-23 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის“ მეხუთე, საიუბილეო ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. წელს ფორუმს 2 ათასამდე დელეგატი დაესწრება.
წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანი იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები.
ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება.
22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. იმავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი.
23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის.
ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით.
„თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი“ 2015 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. პირველმა ფორუმმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.
აბრეშუმის გზა, რომელიც უძველეს სავაჭრო გზას წარმოადგენს, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელიც ჩინეთს ევროპის ქვეყნებს დაუკავშირებს, აზიისა და აფრიკის მეგობრობას გაამყარებს.
საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიოროტეტს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იქმნება, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო მონაკვეთი ბაქო-თბილისი — ყარსი და ანაკლიის პორტი.
ყველა ახალი ამბავი
0