თბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევებს დააფინანსებს

© photo: Sputnik / Stringerკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2025
გამოწერა
საქართველოში კიბოს მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.
დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მისმა მოადგილემ ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.
ბასილაიას განცხადებით, მერიამ ჯანდაცვის სამი ახალი პროგრამა შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთია „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა ძვირადღირებული კვლევა დაფინანსდება - გენეტიკური კვლევები, პეტ-კვლევა, მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით.
„შედეგად შესაძლებელი იქნება ადრეულ ეტაპზე დაისვას ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი და შემცირდეს ის ხარჯები, რაც უკვე შემდგომ დაავადების მკურნალობაზეა გამოყოფილი. ამით კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად მინიმუმ 10 ათასი მოქალაქე ისარგებლებს“, - განაცხადა ბასილაიამ.
როგორც მან აღნიშნა, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიაზე, ამიტომაც მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში შესაბამის პროგრამას აამოქმედებს - პროგრამა მკურნალობის 95%-იანი ეფექტიანობას იძლევა, დაფინანსება კი 100%-იანი იქნება.
„კიდევ ერთი პროგრამა ესაა „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება“. მოგეხსენებათ, ფილტვის კიბო არის ნომერ პირველი პირველი ონკოლოგიური დაავადება სიკვდილიანობის კუთხით. პროგრამის ფარგლებში, კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად კვლევები 100%-ით დაფინანსდება და სერვით სარგებლობას წელიწადში მინიმუმ 10 ათასი მოქალაქე შეძლებს“, - განაცხადა ბასილაიამ.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
საქართველოში კიბოს მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. სახელმწიფოს მიერ ონკოპაციენტებისთვის გამოყოფილი 25 ათასი ლარიანი ლიმიტის გარდა, აფთიაქებში რეცეპტების მიხედვით ცალკე გაიცემა საჭირო მედიკამენტები.
2023 წლიდან ყველა მოქალაქეს მთლიანად უფინანსდება ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ონკოლოგიური ქირურგიის სერვისები.
გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო უშუალოდ მწარმოებლებისგან მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის პროცესი. უწყებამ გააფორმა ხელშეკრულებები კომპანიებთან Roche და Novartis და მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 2012 წელს ონკოლოგიური პროგრამისთვის 17 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს ეს თანხა 250 მლნ ლარამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს და სპეციალისტების კონსულტაციას, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას.
ყველა ახალი ამბავი
0