სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ქრთამზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2025
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობა ეკავა, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას.
ბრალდებულმა პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი.
უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0