რევოლუცია ახალგაზრდების ხელით - მმართველმა პარტიამ რადიკალების შანსები შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2025
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არც ძალა და რესურსი, რომ ძალადობრივი გზით დაამხოს ხელისუფლება.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შესაბამისი სამსახურები იძიებენ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სტუდენტების „დავერბოვკების" ფაქტებს, რის შემდეგაც შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, განაცხადეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“.
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდული ორგანიზაციების, უნივერსიტეტების მფლობელების, ლექტორებისა და რექტორების უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ და ასევე გაასაჯაროვა იმ პირის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ პროცესებს კურირებს. იგი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Atlas Network-ის ვიცე-პრეზიდენტი თომას პალმერი აღმოჩნდა. „იმედის“ ცნობით, მან საქართველოში ე.წ. ახალგაზრდული პროტესტის დახმარებით ხელისუფლების ცვლილების გეგმა შეიმუშავა.
„დედაქალაქში რევოლუციის ორგანიზების მრავალი მცდელობა ვნახეთ. დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა", - განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ყველა რაიონში გაიმარჯვებს, რადგანაც მმართველი გუნდი ქართველი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს.
როგორც მან განაცხადა, ოპოზიციური პარტიების ერთადერთი სურვილი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაა, რაც მათ არ გამოუვათ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მახაშვილის თქმით, აშკარად დიდია ინტერესი, რომ ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება და არეულობა მოხდეს.
„აუცილებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აბსოლუტურად ყველა დეტალზე გავიდეს: საიდან იყო ეს შეკვეთა, ვის უნდა განეხორციელებინა სისხლისღვრა, რათა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს ის სახელი და გვარები, ჯგუფები, ვინც დგას მსგავსი ტიპის დაპირისპირების და შფოთის ინტერესების უკან“ , - აღნიშნა მახაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, ახალგაზრდების საპროტესტო აქციებში ჩართვასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სქემა გაშიფრულია.
„გამოიყენება სხვადასხვა უნივერსიტეტი, უცხოელი აქტორები იმისთვის, რათა საქართველოში გადმოიტანონ იგივე მეთოდები, რაც იყო სერბეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც „დიფ სთეითი“ აწყობდა დაძაბულობის კერებს და რევოლუციებს, რაც გლობალურ ძალებს სჭირდებოდა", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ახალგაზრდობა და მათი მშობლები საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.
„გაფრთხილდნენ ახალგაზრდები, გაფრთხილდნენ მათი მშობლები - არ გახდნენ ბრმა იარაღი ისეთი ძალების ხელში, ვისაც საქართველოს წარმატება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ სურთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტელეკომპანია „იმედს“ დაუდასტურა, რომ საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მასალების შესწავლა და ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს.
მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არც ძალა და რესურსი, რომ ძალადობრივი გზით დაამხოს ხელისუფლება და რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.
გასულ კვირაში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდეი ლევან ხაბეიშვილი დააკავეს - პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
ხაბეიშვილმა, სხვა ოპოზიციური ლიდერების მსგავსად, ასევე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე - ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის დღე იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0