ცესკო: 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა

საარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2025
გამოწერა
იმიტირებული კენჭისყრა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომისიის წევრებმა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, დაიხვეწოს მათი მოქმედების კოორდინაცია და გაუმჯობესდეს პროცესის მართვის უნარები, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1,5 ათასამდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ცენტრალური საარცევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას.
იმიტირებულ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას სიღნაღში პირადად გაეცნო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
„იმიტირებული კენჭისყრის გამართვის მიზანი არამხოლოდ არჩევნებისადმი მზადყოფნის შემოწმება, არამედ საარჩევნო უბნებზე ტექნოლოგიური საშუალებების და ლოჯისტიკური საკითხების რეალურ გარემოში პრაქტიკული შემოწმებაა", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, იმიტირებული კენჭისყრა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომისიის წევრებმა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, დაიხვეწოს მათი მოქმედების კოორდინაცია და გაუმჯობესდეს პროცესის მართვის უნარები.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2.058 წევრს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3.051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2.284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0