ლევან ხაბეიშვილს ბრალი კიდევ ერთი მუხლით წარედგინა - რას ედავებიან პოლიტიკოსს

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
ხაბეიშვილი ჰპირდებოდა გდდ-ს თანამშრომლებს, რომ თუ ისინი საპროტესტო აქციებზე არ შეასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამისათვის 200 ათასს დოლარს მიიღებდნენ
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე 11 სექტემბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ხაბეიშვილს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით აქვს წარდგენილი ბრალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.
თავდაპირველად მას ბრალდება ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისათვის დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება, განაცხადეს პროკურატურაში.
ყველა ახალი ამბავი
0