კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო დღეიდან მიიღებს

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. დღეიდან კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, დაახლოებით 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.
კერძოდ, სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს – 1 კილოგრამს 1 ლარად მიიღებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27 ათასი ტონა ყურძენი.
სააგენტოს ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 350-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 110 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება. სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წელს დანერგა და მას შემდეგ ეფექტურად ფუნქციონირებს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და სანდო მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0