დიღმის მასივში მასშტაბური მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის 45,7 მლნ ლარი დაიხარჯება.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერია დიდუბის რაიონში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივში 16 ათასი კვ მ ფართობის ტერიტორიაზე სამი ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა.
„წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები იყო. წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მეპატრონესთან, შევთანხმდით ადგილმონაცვლეობაზე, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დაუბრუნდა", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პირველ რიგში, ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და შემდეგ უკვე დაიწყება ცენტრის მშენებლობა.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი საცურაო აუზი, ჩოგბურთის ორი კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება. ასევე მოეწყობა სატრენაჟორო, სავარჯიშო სივრცეები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, მინი საფეხბურთო მოედანი და სხვ.
მერიის ცნობით, შენობაში განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი.
პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს. სამუშაოებისთვის 45,7 მლნ ლარი დაიხარჯება.
ყველა ახალი ამბავი
0