საქართველო დაინტერესებულია აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვით - ქვრივიშვილი

© Ministry of Finance of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2025
გამოწერა
ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს, აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველო დაინტერესებულია აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისში ამერიკული ბიზნეს-მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინვესტიციით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის გაძლიერებას.
მინისტრის თქმით, ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზება, განახლებული საპორტო ინფრასტრუქტურა და სხვა, ხელს შეუწყობს საქართველოს, განავითაროს და გააძლიეროს თავისი როლი შუა დერეფნის პროექტში და ხელი შეუწყოს ამ მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესწრეების ორმხრივ დაახლოებას და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ამერიკელი ბიზნესმენები, საქართველოს გარდა, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ესტუმრნენ და ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სფეროებში შუა დერეფნის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0