კალაძე: წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე დაზიანება არ მომხდარა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2025
გამოწერა
თავსხმა წვიმამ თბილისში ზოგიერთი ქუჩისა და მეტროსადგურის დატბორვა გამოიწვია
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ვაკეში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებზე რეაბილიტირებულ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი დაზიანება არ მომხდარა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა, თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით კი ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა გზა, რომელიც თბილისის მერიამ ორი დღის წინ გახსნა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია გზის ჩავარდნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა.
თბილისის მერის განცხადებით, ერთადერთი პრობლემა იყო საბურავებითა და სამშენებლო მასალებით ამოვსებული საკანალიზაციო სისტემა, რამაც გამოიწვია პატარა პრობლემა, რომელიც ამ დროისთვის უკვე მოწესრიგებულია.
„გარკვეული დაზიანება იყო, რაც გამოიწვია სამშენებლო ნაგვის ჩამოტანამ. კონკრეტულ ადგილზე გადავსებული იყო ჭა საბურავებით და სამშენებლო ნაგვით. ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და აღნიშნულმა რეაბილიტირებულმა კონკრეტულმა გზის მონაკვეთმა - ჩოლოყაშვილმაც, წერეთელმაც და ვაკის სასაფლაოს წინ არსებულმა ტერიტორიამაც უპრობლემოდ გაუძლო", - განაცხადა კალაძემ.
უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა გოთუას ქუჩაზე არსებული კოლექტორი და გზის სავალი ნაწილი. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, კოლექტორი სამშენებლო ნაგვით იყო სავსე და წყლის გატარება ვერ მოხდა.
„აბსოლუტურად ყველგან მივალთ. ყველა ქუჩისა და საცხოვრებელი კორპუსის პრობლემას მივხედავთ. ჩვენი მხრიდან რა დახმარებაც იქნება საჭირო, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით. ზარები შემოდის ცხელ ხაზზეც. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ვაწარმოებთ როგორც გაწმენდის, ასევე აღდგენის სამუშაოებს", - განაცხადა თბილისის მერმა.
უამინდობამ დღეს დილით გავლენა მოახდინა თბილისის მეტროს მუშაობაზეც. „სამედიცინო უნივერსიტეტის" სადგურზე დატბორვის შესახებ მგზავრებმა განაცხადეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ვერ ახერხებენ ადამიანები კიბეებზე ასვლას წყლის ნაკადის გამო, რომელიც კიბეზე მოედინებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0