GORBI-ს გამოკითხვაში „ქართული ოცნება“ ლიდერობს - ხელისუფლების რეაქცია

© Courtesy of Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2025
გამოწერა
მმართველი პარტია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, დარწმუნებულია პრემიერი
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი, რომელიც აისახა საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში, მიუთითებს საზოგადოების ნდობაზე მთავრობის მიმართ და ოპოზიციაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ მოთხოვნით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საქართველოში „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% მისცემდა ხმას, ხოლო თბილისში - 54,6%.
ივლისში ჩატარებული GORBI-ს გამოკითხვის წინა შედეგებთან შედარებით, მმართველი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისევე როგორც „გირჩის“ რეიტინგი - 3,2-დან 5,1%-მდე. თუმცა, ორი თვის შემდეგ „ლელოს“ პარტიას მისცემდა ხმას ნაკლები გამოკითხული ჰყავს.
„ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი. ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მმართველი პარტია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
„რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტიებს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რომლებიც გამოკითხვის შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ, გამარჯვებისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნიათ, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და გამოკითხვების გარეშეც.
მისი თქმით, 28 ქალაქში კანდიდატი არ ჰყავთ და 430 მაჟორიტარი ვერ დაასახელეს ქვეყნის მასშტაბით.
„შესაბამისად, რეიტინგებშიც ეს ყველაფერი არის ასახული. ხალხი ამას ხედავს. ხედავს, რომ არის მცირე ექსტრემისტების ჯგუფი, რომლებიც ღამე დაიარებიან და ძალადობენ. იმიტომაც ძალადობენ, რომ ისინი თავად ხვდებიან, ცოტანი არიან და ექსტრემისტები არიან. ასე რომ ეს ყველაფერი აისახება რეიტინგებშიც და რაც მთავარია, 4 ოქტომბერს ყველა დაინახავს ამას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
GORBI-ს გამოკითხვა
კითხვაზე „რომელ პარტიას უჭერთ მხარს“ პასუხები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" – 65,9%,
"გახარია - საქართველოსთვის" – 10,7%;
"ლელო" – 10,4%;
"გირჩი" – 5,1%;
"პატრიოტთა ალიანსი" – 4,2%;
დანარჩენმა პარტიებმა დააგროვეს 3,7%;.
კითხვაზე „რომელ პარტიას უჭერთ მხარს“ პასუხები თბილისში ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" – 54,6%;
"ლელო" – 15,7%;
"გახარია - საქართველოსთვის" – 14,8%;
"გირჩი" – 8,8%;
"პატრიოტთა ალიანსი" – 3,2%;
დანარჩენი პარტიები – 2,9%.
გამოკითხვა 11-20 აგვისტოს ჩატარდა. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილებამ +/- 3% შეადგინა.
არჩევნები საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს, ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და რაიონში გაიმართება. არჩევნებში 12 პარტია მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები - ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0