მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

© Courtesy of Tbilisi City Hall Оქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
Оქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2025
გამოწერა
ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გახოკიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო - სამუშაოები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„გახოკიძის ქუჩაზე მძიმე მდგომარეობა იყო და ავტომობილით გადაადგილება დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა. დღეს ის სრულად მოწესრიგებულია. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, 100-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და დიდი სივრცე გათავისუფლდა პარკისთვის. წლის ბოლოსთვის კონკრეტულ ობიექტზე ყველა ტიპის სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დასრულებული სამუშაოების გაცნობისას.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 3 100 გრძივ მეტრზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელ არხებში განთავსდა.
პროექტის ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები; დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, დაიხაზა სავალი ნაწილი, ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები. ასევე ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
მერიის ცნობით, ქუჩაზე განხორციელდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც. კერძოდ, გზის მიმდებარე თარგებში მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ათასზე მეტი ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 13 ათას კვ.მ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.
მიხეილ გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0