ვაკეში წერეთლისა და ჩოლოყაშვილის რეაბილიტირებული ქუჩები გაიხსნა

© Courtesy of Tbilisi City Hall ქაქუცა ცოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
ქაქუცა ცოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდა - მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 24 მილიონი ლარი დახარჯა.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა, იუწყება თბილისის მერია.
რეაბილიტაცია, რომელიც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხო, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდა - მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 24 მილიონი ლარი დახარჯა.
„დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - ვაკის რაიონში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია. აქ არსებული მდგომარეობა უმძიმესი იყო... მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კომპანიის თანამშრომელს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას. ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა და მოიცავდა როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას.
© Courtesy of Tbilisi City Hall ვაკეში ყოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
Отремонтированные улицы Какуцы Чолокашвили и Георгия Церетели в Ваке - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
ვაკეში ყოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, ელექტროსადენები განთავსდა მიწისქვეშ, მოეწყო ტროტუარები, ჩატარდა საგზაო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედელიც.
გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ენერგოეფექტური LED-სანათები. ამასთან, დამონტაჟდა 40-მდე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნა, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ზებრა-გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები, ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტის ბოლო ეტაპზე, ორივე ქუჩაზე გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა - მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 2,1 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.
პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, „თბილსერვის ჯგუფმა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ განახლებული ქუჩები უკვე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირსა და წყნეთის გზატკეცილს უერთდება, რაც ქმნის სრულად მოწესრიგებულ, თანამედროვე სატრანსპორტო და საცხოვრებელ არეალს. ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას როგორც ქვეითებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ავტომობილებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0