ომბუდსმენმა შსს-ს მოუწოდა ოპერატიულად გამოიძიოს კალაძის შტაბთან მომხდარი ინციდენტი

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე
შსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
ბოლოდროინდელი მოვლენები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პოლარიზაცია სისტემური პრობლემაა, აცხადებს სახალხო დამცველი
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, დროული რეაგირება მოახდინონ თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის შტაბთან ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მყოფ სხვა პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათთვის ტელეფონების წართმევისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. გარდა ამისა, ძალადობის ადრესატები, სავარაუდოდ, გახდნენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველებიც.
„მანდატის ფარგლებში სახალხო დამცველი განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები.
„მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, შეკრების თავისუფლება თავის თავში, მართალია, მოიცავს პროტესტის გამართვის ადგილის არჩევის უფლებასაც, თუმცა, უფლების რეალიზებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა უფლებებისა და საარჩევნო შტაბის საქმიანობის მომეტებული შეზღუდვა.
ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, მომავალში აქციის იმავე ლოკაციაზე (მელიქიშვილის გამზირი) გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მუშაობას.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით".
ომბუდსმენმა შემაშფოთებელი უწოდა ადგილზე მყოფი ჟურნალისტების მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები საჯარო ღონისძიებების გაშუქებისას სპეციალური დაცვის რეჟიმით სარგებობენ.
ასევე, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
„გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ დამამცირებელ, დამაკნინებელ და სტერეოტიპულ გამონათქვამებს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ხელისუფლების, ისევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ქალების მიმართ ამგვარი გამონათქვამების გამოყენებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს გამოძიებას სსკ-ის ორი მუხლით აწარმოებს: ძალადობა პირთა ჯგუფის მიერ, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა.
მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან ყოველდღე იკრიბებიან.
ყველა ახალი ამბავი
0